ტეგები
"ჩოლკა", ინსტრუქცია, ინტერნეტ ბანკინგი, ინტერნეტი, კავკასუს ონლაინი, კლიენტი, ლიბერთი ბანკი, მაგთის ოფისი, მომსახურე პერსონალი, მომხმარებლის უფლებები, პასპორტი, პროგრამა, პროკრედიტ ბანკი, რიფორთი, სამოქალაქო რეესტრი, სტრესი, უჟმური, ფოტოკაბინა, ISO სტანდარტი
პირველად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამსახურით გამოწვეული სტრესი. ბოლო ერთი კვირაა ჩემს თავს ვერ ვცნობ. რაღაც-რაღაცები სამსახურშიც ავურიე, უფროსის უკმაყოფილება დავიმსახურე, რაც ჩემთვის ტრაგედიაა. ამ, დეპრესიულს ვერ ვიტყვი და უფრო სტრესულ ფონზე, ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა. არა, საქართველოში რომ მომხმარებლის უფლებები ძაღლის უფლებებზე დაბლა დგას ვიცოდი, ჩემს თავზეც გამომიცდია, მაგრამ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი და ყველა, ვინც როგორც კლიენტს აგდებით მომემსახურა, დავცოფე და კარგად გვარიანად მოვუშალე ნერვები. ამ პოსტის დაწერა კი ვივიენის პოსტმა შთამაგონა. მადლობა მას. 🙂
დავიწყებ იმით, რომ მორიგი ბუღალტრული ოპერაციისთვის, (არა, ბუღალტერი არ ვარ) დამჭირდა ბანკში მისვლა, რომ ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტი მეყიდა. მაქვს სრული 2 წლიანი მინდობილობა ორგანიზაციის პრეზიდენტისგან, რომელიც მაძლევს თავისუფლებას ვმართო ორგანიზაციის ანგარიში. ჩვენი მინდობილობის გაფორმების დროს, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, მაგრამ პროკრედიტ ბანკმა გადაწყვიტა, რომ ერთფეროვნება მობეზრდა და შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვით, მინდობილობა ყველა ოპერაციაზე არ ვრცელდება თუ მუდმივი არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტს თვითონ მოუწევს ბანკში მოსვლა და ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტის შეძენა, რაც გამორიცხულია, იმიტომ რომ გრაფიკი წუთებით აქვს გაწერილი და მართლა არ მოიპოვება თუნდაც 20 წუთი ამ იდიოტური პროცედურისთვის. კულტურულად გავლანძღე პროკრედიტ ბანკი და წამოვედი! აი არ მესმის რა დონის აგდებაა, შეცვალო შიდა კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია შენს ერთ-ერთ კლიენტთან და არ აცნობო! თან უდიდესი აბსურდია თვითონ ეს ახალი წესიც: მე თუ 2 წლიანი მინდობილობით თანხის გატანა შემიძლია, ეს ძღინკიანი ინტერნეტ ბანკინგი რა გახდა? მაგის ყიდვაშიც ბანკი იღებს სარგებელს, 3 ლარი შესდით მომსახურების ყოველ თვე! სუ კლიენტების წვალების მოყვარულები ვიძახე და წამოვედი!